1st Aug

გვანცა ჯაჭვაძე, ფრიდონ ზირაქაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,მომავლის გზამკვლევი“ წევრი მოსწავლეები

ჩვენი სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა“ ჩართვის დღიდან ახორციელებს ღონისძიებებს საგანმანთლებლო და შემეცნებით თემატიკაზე, ძალიან ბევრი ვისწავლეთ ამ წლების მანძილზე , ჩამოვყალიბდით აქტიურ მოქალაქეებად, თამამად ვმსჯელობთ ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ და ვეძებთ მათი გადაჭრის გზებს. გაგაცნობთ 3 წლის მანძილზე ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების სტატისტიკას: სულ გვაქვს განხორციელებული 23 საკლუბო პროექტი, გვყავს 200 მოსარგებლე და 10 თანამონაწილე. წარმოგიდგენთ ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო პროექტს ,, სწავლების სოციალური კურსი უმცროს კლასელთათვის“, რაც გულისხმობს სტიქიით დაზარალებული რეგიონებიდან ჩამოსახლებული ოჯახების მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეების გაკვეთილების მომზადებაში დახმარებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ჩვენ გვჭირდებოდა საკლასო ოთახი , რადგან გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეგვძლებოდა დავრჩენილიყავით მათ დასახმარებლად. ამისათვის მივმართეთ სკოლის დირექტორს და გავაცანით ჩვენი ინიციატივა, ქ-ნი ლალი დადებითად შეხვდა ჩვენს ინიციატივას და გამოგვიყო საკლასო ოთახი მეცადინეობების ჩასატარებლად. შემოგვიერთდნენ მოხალისე მოსწავლეებიც, რომლებმაც ჩვენთან ერთად დიდი დრო დაუთმეს სტიქიით დაზარალებულ მოსწავლეებს და დახმარება გაუწიეს მათ წერა-კითხვის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლაში. ჩვენი საგაკვეთილო პროცესი ყოველთვის ინტერაქტიულ და საინტერესო რეჟიმში მიმდინარეობდა. უმცროს კლასელები მალე ჩაერთვნენ ჩვენს მიერ განხორციელებულ სხვადსხვა სამოქალაქო აქტივობებში, მონაწილეობა მიიღეს სკოლის ეზოს გამწვანებასა და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიაში.