29th Ma

ანა ტაბატაძე, თბილისის # 212 სკოლის X კლასის მოსწავლე

პროგრამა „მომავლის თაობა“ არის ის პროგრამა , რომელიც მომავალ თაობას დაგვეხმარება ჩვენს მიერ დანახული, თემში ან სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარებაში. ამ პროგრამის შესახებ ჩემი სამოქალაქო განათლების  პედაგოგისაგან  ნათია იაშაღაშვილისგან  შევიტყვე. თავდაპირველად მისი დახმარებით ვცდილობდი პროექტების დაგეგმვას, მაგრამ შემდეგ უკვე შემეძლო ვყოფილიყავი, როგორც იდეის ავტორი, ასევე განმახორციელებელი. 
 
ერთერთი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი იყო  „ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.’’ ვინაიდან დღეს ახალგაზრდები უფრო მეტ დროს უქმედ ყოფნაში ატარებენ და საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ,  გვსურდა, რომ ჩვენი ერთგვარი ‘’მესიჯი’’ მიგვეწოდებინა მათთვის.
 
მონაწილეობა მივიღე ასევე პროექტებში სახელწოდებით ‘’არა მავნე ჩვევებს და ტრეფიკინგს.’’ მათი განხორციელების მიზანი იყო თანატოლების ინფორმირებულობის დონის ამაღლება  ტრეფიკინგთან  და მავნე ჩვევებთან დაკავშირებით, თუ რა დამცავი მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ, რომ არ გავხვდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი, რატომ უნდა ვთქვათ უარი ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ნარკოტიკზე და ა.შ 
 
შემდეგ, გამოცხადდა მცირე გრანტის კონკურსი და მინდა სიხარულით ავღნიშნო, რომ ჩვენმა პროექტმა სახელწოდებით ‘’არა ნაადრევ ქორწინებას’’ გაიმარჯვა.  ჩვენს თემში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მოზარდები ადრეულ ასაკში ქმნიდნენ ოჯახს. ჩვენ პროგრამის ერთერთ შეხვედრაზე პროგრამაში ჩართულ თბილისის  სკოლების მოსწავლეებს  გავაცანით ჩვენი პროექტის შედეგები, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ დღის შოუში.
   
ვფიქრობ, რომ ამ პროექტებით ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა შევძელით  გვეთქვა ჩვენი სიტყვა, გვეზრუნა ჩვენს სამშობლოზე, რადგან თუ ხელის გულს მკერდის მარცხენა ნაწილს ვადებთ და ვამბობთ, რომ ‘’ჩემი ხატია სამშობლო’’ მაშინ ამ ხატზე უნდა ვიზრუნოთ, შევძლოთ მის გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ერთად ბევრს შევძლებთ და პროგრამის  ,,მომავლის თაობა“ დახმარებით   ვიქნებით საუკეთესო მომავლის თაობა.