11th Fe

რუსუდან გოგია, თეკლათის სკოლის მოსწავლე

რუსუდან გოგია 17 წლის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის 11-ე კლასის მოსწავლე.
 
მე გახლავართ სამოქალაქო კლუბის ლიდერი. ახლახან ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი. ამას პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დახმარებით მივაღწიე.  
 
ჩვენს სკოლაში 2015 წელს ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ლიბო“. კლუბი შეიქმნა პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში.
    
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაგვიტარდა ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, რომლებიც  გამოვიყენე კლუბის საქმიანობაში. მიღებული ცოდნა დაგვეხმარა განგვეხორციელებინა სხვადასხვა  ინიციატივები, გავაკეთეთ ბევრი კეთილი საქმე ჩვენს სოფელსა თუ თემში. კლუბის წევრები პერიოდულად ავღნიშნავთ სხვადასხვა საერთაშორისო დღეებს, რომლებიც კლუბის ჩამოყალიბებამდე თემში არ აღინიშნებოდა. ჩავატარეთ ღონისძიებები გარემოს დაცვის, განათლების და ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე, რომლებიც მოიცავდა ხის დარგვისა და დასუფთავების, შიდსის, ნარკომანიის და თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო შეხვედრებს და აქციებს.  
 
ყველაზე დიდი წარმატება, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში მივაღწიე, არის სწორედ მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მათთან ერთად განხორციელებული რამდენიმე აქტივობის შემდეგ, თვითონ იჩენდნენ ინიციატივას და  კლუბს სთავაზობდნენ საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას. ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით  გამგეობა დამეხმარა ბანერის განთავსებაში ქალაქის ცენტრში . ჩვენი კლუბი დღესაც აქტიურად განაგრძობს გამგეობასა და რესურს ცენტრთან  თანამშრომლობას.  სწორედ ამის შედეგი იყო ჩემი ახალგაზრდულ საკრებულოში მისვლა, სადაც სულ მცირე ხანში თავმჯდომარედ ამირჩიეს. 
 
პროგრამის ფარგლებში გვყავდა მოწვეული საინტერესო სტუმრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გვიზიარებდნენ.  გვქონდა სასწავლო ვიზიტები გამგეობასა და რესურს ცენტრში და გავეცანით აღნიშნული დაწესებულებების სტრუქტურულ მუშაობას.  
 
მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ჩემი ინიციატივით გავაერთიანე პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბები, რომლებთან შემდგომი თანამშრომლობით პოპულარიზაცია გავუწიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და მოვაწყვეთ მასშტაბური აქციები: ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ (დაიბეჭდა ბანერები, დავარიგეთ ბუკლეტები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით), მოეწყო სპორტული შეჯიბრებები (მხიარული სტარტები, გენდბოლი). 
 
პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში  წარმატებული მუშაობისთვის, ტექნიკის კონკურსში, კლუბი კომპიუტერით დაჯილდოვდა. მე კი, როგორც კლუბის აქტიური ლიდერი, ვმონაწილეობდი პროგრამის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში, სადაც ავითვისე ისეთი უნარ ჩვევები, როგორიცაა  გუნდური მუშაობა და ლიდერობა, გავხდი აქტიური და კომუნიკაბელური. ამ პროგრამის დახმარებით სტაჟირება გავიარე ჩემს მომავალ სამუშაო სფეროში-სასამართლოში. 
 
დღეს უკვე, კლუბის ლიდერი და ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, უფრო მეტად ვარ მოტივირებული ვიყო თემის აქტიური  წარმომადგენელი და ყველა რესურსი გამოვიყენო მომავალი თაობის წარმატებული საქმიანობისთვის. 
 
ამ პროექტმა დამანახა ჩემი, როგორც მოქალაქის ვალდებულებები და მოვალეობები, ის თუ რისი გაკეთება შემეძლო რეალურად ჩემი თემისა თუ ქალაქისათვის, მან საშუალება მომცა გარკვეული წვლილი შემეტანა თემის განვითარებაში და ჩამოვყალიბებულიყავი აქტიურ მოქალაქედ.