5th Aug

სტაჟირების მონაწილე მოსწავლეების შთაბეჭდილებები

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა'' ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ორგანიზება გაუკეთდა მედია სტაჟირებას გაზეთის  ,,ჩემი ხარაგაული'' რედაქციაში.  
 
სტაჟირებაში სოფელ ბორის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც ჟურნალისტის პოზიცია ორი კვირის განმავლობაში მოირგეს.  
 
მოსწავლეების სტაჟირებას კურირებას უწევდა  გაზეთის ,,ჩემი ხარაგაული'' მთავარი რედაქტორი ლაურა გოგოლაძე.
 
სტაჟირების მონაწილეები გაეცნენ ჟურნალისტიკის  ჟანრებს და პრინციპებს, გაზეთის ,,ჩემი ხარაგაული” დაარსების ისტორიას, ეთიკის საკითხებს, რედაქტორიდან იღებდნენ დავალებებს, რასაც პრაქტიკოს ჟურნალისტებთან ერთად წარმატებით ართმევდნენ თავს.  
 
ფერიდე ბერაძე, სტაჟირების მონაწილე:  პირველივე წუთიდან ყველაფერი ისეთი საინტერესო იყო, რომ ვერ გავიგე, დრო როგორ გადიოდა. დავესწარით სხდომას საკრებულოში და მოვისმინეთ, როგორ მსჯელობდნენ დეპუტატები სოფლებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე, როგორ მუშაობენ  ჟურნალისტები  და თითოეულ საკითხს ინიშნავდნენ. შემდეგ, რედაქციაში ერთ სტატიად აერთიანებდნენ და დასაკაბადონებლად ამზადებდნენ. ასე, ჩვენ თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით შეიქმნა რამდენიმე სტატია. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ არა მარტო სტატიებზე ვმუშაობდით, არამედ ვიღებდით უამრავ ინფორმაციას ჟურნალისტიკაზე.  ჩავერთეთ  სხვადასხვა  აქტივობებში და გავმართეთ დისკუსიები. ასევე გავაკეთეთ სიტუაციური ამოცანები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ამა თუ იმ სიტუაციაში. ასევე ჩამოვაყალიბეთ, რა უნდა იცოდეს და რა უნდა შეძლოს კარგმა ჟურნალისტმა. გავეცანით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და განვიხილეთ მისი თითოეული მუხლი.  
 
ლანა ღონღაძე, სტაჟირების მონაწილე: ადრე თუ უბრალოდ წავიკითხავდი გაზეთს ან ჟურნალს, არც კი ვფიქრობდი, რამხელა შრომა სჭირდებოდა მის მკითხველამდე მისვლას. ძალიან დიდი მადლობა გაზეთის ,,ჩემი ხარაგაული'' რედაქტორს ქალბატონ ლაურა გოგოლაძეს, ჟურნალისტებს ნინო კაპანაძესა და თამთა გოგოლაძეს, რომლებიც თავიანთ პროფესიონალიზმთან ერთად დიდი  სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევიან.
 
სპარტაკი ნიქაბაძე, სტაჟირების მონაწილე:  რედაქციაში განვიხილეთ და გავიგეთ თუ როგორ უხდებათ ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი ამბების გაშუქება, როგორი შრომატევადი და თანაც სასიამოვნოა, რომ შენ პირველმა მიაწოდო მკითხველს ახალი ამბები და თანაც ისე, რომ არაფერი ზედმეტი ან ნაკლები არ მოგივიდეს. ეს საქმე რომ აკეთო ძალიან უნდა გიყვარდეს და გაინტერესებდეს შენი პროფესია, თორემ სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევ.  
 
გიორგი ხიჯაკაძე, სტაჟირების მონაწილე:  სტაჟირების დაწყების დღიდან ბოლო დღემდე ისე ვითარდებოდა მოვლენები, რომ მეგონა არამარტო ვსწავლობდი და ვიგებდი ჟურნალისტიკის  საქმიანობის შესახებ, არამედ თითქოს მეც ჩართული ვიყავი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ძალიან მომეწონა ეს სფერო და გამიჩნდა ინტერესი კიდევ უფრო მეტი გავიგო და შევისწავლო.  

ლაურა გოგოლაძე, გაზეთის ,,ჩემი ხარაგაული'' მთავარი რედაქტორი: მოსწავლეთა სტაჟირება ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო. ახალი სისხლი, ახალი ხმა, ახალი შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი ორი კვირა გავატარეთ ერთად. ჩვენ მზად ვართ ახალგაზრდების ინიციატივებს ყოველთვის დავუჭიროთ მხარი.