10th Ju

ნათია ნეფარიძე - „თანაშემწის“ ერთი დღე

მე ნათია ნეფარიძე ვარ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის „ორთოდოქსები“ ლიდერი. ყოველთვის მინდოდა ერთი სამუშაო დღე გამგეობაში გამეტარებინა, ამიხდა ეს სურვილიც. სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში,   1 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ვესტუმრე და  სამუშაო დღე ქალბატონ ლალი კაპანაძესთან ერთად გავატარე.  

 

დღე  თათბირით დაიწყო,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან მახათაძის, მოადგილეების და სამსახურის უფროსების გვერდით ვიჯექი და მეც ვმსჯელობდი ქალაქის მნიშვნელოვან საკითხებზე.  

 

ერთად შევაფასეთ გასული კვირის შედეგები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქალაქის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტები და შეაჯამეს ტენდერები. ჩემს თვალწინ დაუყონებლივ  მიიღეს  გადაწყვეტილება, რომ  200–200  ლარით დახმარებოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის  დაღუპულთა ოჯახებს. დაიგეგმა  ოლიმპიური ცეცხლის  შემოტანასთან   დაკავშირებული ღონისძიებები. 

 

რადგანაც ჩემი თანაშემწედ ყოფნის  ერთი დღე  1 ივნისს დაემთხვა, დატვირთული გრაფიკით მოგვიწია მუშაობა. ჯერ ჭიათურის მეორე სკოლის ღონისძიებას დავესწარით, შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ  მინი სტადიონზე გაიმართა რაინდ  აბრამიშვილის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სულ ბოლოს კი სამეჯლისო ცეკვების საღამო. 

 

გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა ლალი კაპანაძემ, რომელთან ერთად გავატარე ერთი სამუშაო დღე, დღის ბოლოს ლამაზი წიგნით დამასაჩუქრა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. დამპირდა, რომ კლუბის რამდენიმე სოციალური ინიციატივის აქტიური მხარდამჭერი იქნება, სწორედ თანაშემწედ ყოფნისას მივიღე შემოთავაზება, რომ სამოქალაქო კლუბი „ორთოდოქსები“ აქტიურად ჩაერთოს   18 ივნისს, ჭიათურაში ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ  ყველა  ღონისძიებაში. ჩვენც მზად ვართ.  

 

ნათია ნეფარიძე – ა(ა)იპ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის „ორთოდოქსები“ ლიდერი.