29th Ma

თამარ ზუროშვილი - ახალგაზრდა ბლოგერი

კისისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე    თამარ ზუროშვილი ახალგაზრდა ბლოგერია. მან მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში  ორგანიზებულ სოციალური მედიის ტრენინგში და შექმნა ბლოგი. შემდეგ, ტრენინგზე მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარა. ჩაატარა ორი თანატოლგანმანათლებლის ტრენინგი, როგორც საკუთარი სკოლის, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის. ამჟამად მისი ბლოგი მონაწილეობას ღებულობს პროგრამის „მომავლის თაობა“ მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში.
  
თამარ ზუროშვილმა მისი ბლოგის მკითხველებს  პროგრამის  „მომავლის თაობა“  ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.   
 
„მას შემდეგ, რაც შევქმენი საკუთარი ბლოგი, მომეცა საშუალება უკეთ მომეხდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.  იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა წერ შენთვის საინტერესო თემებზე და შენს შეხედულებებს და იდეებს საზოგადოებას უზიარებ. სწორედ ბლოგის საშუალებით შევძელი მომეხდინა ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაცია“ - წერს თამარი.  
 
თამარის მიერ დაწერილი წერილის სათაურია:   პროექტის  „მომავლის თაობა“ როლი ჩემს ცხოვრებაში.  
 
აქვე გთავაზობთ თამარ ზუროშვილი წერილს  
 
პროექტის  „მომავლის თაობა“ როლი ჩემს ცხოვრებაში 
 
მე ვარ თამარ ზუროშვილი - პროექტში „მომავლის თაობა“ ჩართული მოსწავლე და მსურს ვისაუბრო ჩემი წარმატების ისტორიაზე და ზოგადად ამ პროექტის როლზე ჩემი პიროვნული განვითარების კუთხით. 
 
მართალია, დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი პროექტი, ინიციატივა და წამოწყება საინტერესო და განსხვავებულ გამოცდილებასთან ასოცირდება. 
 
ვხედავ, რომ ზოგადად „მომავლის თაობის“ როლი დიდია თითოეული მოსწავლის განვითარების, ცნობიერების ამაღლების, ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და თანასწორ განმანათლებლობის კუთხით. თავიდან ისიც ვიფიქრე, რომ პირადად მე პროექტი ახალს არაფერს მომცემდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნარ-ჩვევები დიდი ხანია ჩამოყალიბებული მაქვს, თუმცა არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში შეიძლება აღმოვაჩინოთ რაიმე ინოვაციური, საინტერესო და განსაკუთრებული. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის სოციალური მედიის თემა, რასთან დაკავშირებითაც გავიარე ტრენინგი აღნიშნული პროექტის ფარგლებში.  
 
მას შემდეგ, რაც შევქმენი საკუთარი ბლოგი, მომეცა საშუალება უკეთ მომეხდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
 
მონაწილეობას ვიღებ ბლოგების კონკურსში ნომინაციით „ახალგაზრდა მოხალისე“, შესაბამისად ჩემი ბლოგი მიზნად ისახავს მოხალისეობის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების გააქტიურებას ამ კუთხით. ჩემი მიზანია დავანახო საზოგადოებას, რამდენი პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება მოხალისეობრივად და რა დიდი როლი გვაკისრია თითოეულ ადამიანს საზოგადოების წინაშე. ჩემი ხედვაა შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე და მოხალისეობრივად და ერთიანი ძალებით ცდილობენ გადალახონ ყველა დაბრკოლება. სწორედ ამიტომ, ჩემი სტატიები მიზანმიმართულად უსვამს ხაზს თითოეული ადამიანის როლს სამოქალაქო და საზოგადოებრივ აქტივობებში. 
 
ხელი შეუწყო საზოგადოებრივი კეთილდღეობის განვითარებას, ნიშნავს ისწრაფოდე იყო აქტიური მოქალაქე, მაგრამ დაანახო ადამიანებს სწორი გზა ამ მიმართულებით, ეს უკვე წარმატებაა. მე ამ წარმატებისკენ ჩემს სტატიებს მივყავარ, რომლებსაც უამრავი ადამიანი კითხულობს. დიდი ბედნიერება ვიგრძენი, როდესაც თუნდაც სკოლაში ბევრმა ადამიანმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა იმ საქმიანობების მიმართ, რასაც ვახორციელებ, თუმცა ამაში ჩემი ბლოგი დამეხმარა, რის საშუალებითაც ბევრი საინტერესო აქტივობის შესახებ დავწერე და უამრავი თანამოაზრეც შევიძინე. მიხარია, რომ ვიპოვე გზა, რის საშუალებითაც შევძლებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მოტივაციის გაზრდას უამრავ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში.
 
სასიამოვნოა, როცა გრძნობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდები, უფრო მეტად სასიამოვნო კი ისაა, რომ ზუსტად იცი, როგორ შეუწყო ხელი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ისე, რომ სხვა ადამიანებზეც იზრუნო. 
 
ჩემი ბლოგი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. გავხდი უფრო თვითდაჯერებული, ვისწავლე თავისუფალი დროის უკეთ განკარგვა და რაც მთავარია, უკეთ დავინახე ჩემი როლი საზოგადოებაში.  მე კი უბრალოდ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.