5th Jul

სოფელ განმუხურის მოსწავლეებმა სკოლაში ბიბლიოთეკა აღადგინეს

სოფელ განმუხურის სკოლის ბიბლიოთეკა შეკეთებას და ახალი წიგნებით შევსებას საჭიროებდა.

წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით მოსწავლეებმა მოაწყვეს ერთი წიგნის აქცია თემში. ურმით, მარტივი სატრანსპორტო საშუალებით, შემოიარეს სოფელი და მაკულატურა შეაგროვეს, რომელიც შემდეგ ახალ წიგნებზე გადაცვალეს.

მოსწავლეები ეწვივნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს და წიგნების კატალოგიზაცია შეისწავლეს, სწორედ ამ ცოდნის გამოყენებით მოხდა სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნების განლაგება.

მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის ადმინისტრაციამ, რომელმაც უზრუნველყო სარემონტო სამუშაოების ჩატარება და შეისყიდა სამშენებლო მასალები, ასევე 100 წიგნი და ლეპტოპი გადასცა სამკითხველოს. 

მოსწავლეებმა სკოლაში ჩამოაყალიბეს მკითხველთა კლუბი და დაარსეს წიგნის კითხვის დღე.

სკოლას დღეისათვის აქვს მაღალ დონეზე აღჭურვილი და საინტერესო წიგნებით შევსებული ბიბლიოთეკა. 

"ახლად მოწყობილ სამკითხველოში, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ვეცნობით საჭირო ლიტერატურას  და ვატარებთ  შეხვედრებსა და ღონისძიებებს" - სთქვა რუსუდან კორთხონჯიამ, განმუხურის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.