26th Oc

ახალაბასთუმნის მოსწავლეების პროექტი - „სამყარო ჩვენს ირგვლივ“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტი „სამყარო ჩვენს ირგვლივ“, რომელიც მიზნად ისახავდა ამავე სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიული კაბინეტის გარემონტებასა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას. მოსწავლეებმა ერთდროულად მიმართეს დახმარებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის ადმინისტრაციას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, კაბინეტის მოსაწყობად, სკოლას იატაკისთვის შეუძინა ლამინირებული საფარი, ხოლო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის ადმინისტრაციამ კი რკინის კარები. პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის ფარგლებში შეიძინეს  კაბინეტის რემონტისათვის საჭირო  სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა. 
 
 სკოლის, გამგეობის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა  თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის ადმინისტრაციის, მშობლებისა და თემის წარმომადგენლების დახმარებით დღეისათვის სკოლას აქვს თანამედროვედ აღჭურვილი, კომფორტული საბუნებისმეტყველო ლაბორატორიული კაბინეტი, სადაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი აწარმოონ სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევები. 
 
„სხვადასხვა კონკურსებში მიგვიღია მონაწილეობა, ყოფილა გამარჯვებებიც და წარმატებულად განხორციელებული პროექტებიც, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რაც პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა, ის ერთნაირად სარგებლის მომტანია, როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისათვის, ასევე თემის წარმომადგენლებისათვის“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ცხადაიამ.