13th Ap

ახალი სპორტული მოედანი სკოლის ეზოში

2016 წლის 8 აპრილს, თბილისის #215 საჯარო სკოლის ეზოში   განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნა. 215  საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეების მცირე გრანტის პროექტის „ფარი“ მიზანი სპორტული აქტივობებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გახლდათ. მიზნის მისაღწევად მოსწავლეები, მხარდამჭერებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ. მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს კალათბურთის ფარები, მოედნის დასახაზი საღებავი და სხვა სპორტული ინვენტარი. გარდა ამისა, მოსწავლეებმა თავად დაასუფთავეს  სპორტული მოედანი და მონაწილეობა მიიღეს ხრეშის გაშლაში მოედნის ტერიტორიაზე.
  
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საკუთარი იდეის განხორციელებაში აქტიურად ჩართეს სხვადასხვა მხარეები და რამდენიმე წარმატებული ადვოკატირება განახორციელეს. #215 სკოლის აღსაზრდელებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად წვლილი შეიტანა კომპანიის "ჰაიდელბერგ ცემენტი" ადმინისტრაციამ, რომელმაც სკოლას უსასყიდლოდ გადასცა ნახევარი ტონა ცემენტი. შპს "ქვინფლენმა", რომლის წარმომადგენელი სკოლის კურსდამთავრებულია, სტადიონზე საფასურის გარეშე დააგო ასფალტი, მშობელმა - მამა მიქაელმა  მოედნისთვის  საჭირო ინერტული მასალა - ხრეში გადასცა სკოლას. სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით შესაძლებელი გახდა სპორტული მოედნისთვის ლითონის ღობის შემოვლება და კალათბურთის ფარების დამონტაჟება. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც მოსწავლები, ისე მათი მშობლები.  
 
„ეს პროექტი ჩვენთვის მიღწეული მიზანი და ჯანსაღი მომავალი თაობაა“- სთქვა #215 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ფიქრია დვალმა.
 
ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს #215 სკოლის მოსწავლეებს არაჩვეულებრივი ღია სპორტული მოედანი აქვთ.
 
„ეს პროექტი ჩვენთვის ჯანსაღი თაობის გასაღებია“-აღნიშნა X კლასის მოსწავლემ გიორგი გოგიაშვილმა.  
 
დასასრულს, სკოლის ახლად გახსნილ მოედანზე კალათბურთის და ფრენბურთის მეგობრული ტურნირი გაიმართა.