2nd May

კინო კლუბის დაარსება ქუთაისში თვითმმართველობის მხარდაჭერით

ქუთაისის 40–ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდული ფორუმის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია - ქალაქში კინო კლუბის შექმნის შესახებ, უშუალოდ ქალაქის ხელმძღვანლობამდე მიეტანათ (ფორუმი ჩატარდა 2011 წლის მაისში). მათ მოამზადეს წერილი ქალაქის მერის გიორგი თევდორაძის სახელზე, სადაც ეწერა: 
 
„ბატონო გიორგი, ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციებიდან ერთ–ერთი კინო–კლუბის დაარსება იყო.  ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ქალაქის კულტურული განვითარებისათვის  ეს რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია. მოგმართავთ  ინიციატივით, რომ ქალაქში შეიქმნას კინო–კლუბი. ჩვენ აქტიურად ჩავებმებით კლუბის მუშაობაში, ვითანამშრომლებთ  თქვენს სამსახურთან, რათა კინო კლუბმა ხანგრძლივად იარსებოს  და ახალგაზრდების საინტერესო თავშეყრის ადგილი გახდეს’’.
 
2012 წლის 14 მარტს მოსწავლეებმა მიმართვაზე პასუხი მიიღეს: „ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში განხილულ იქნა თქვენი მომართვა (#კ–1382 16.01.2012წ. ) ქალაქში კინო–კლუბის დაფუძნების თაობაზე. თქვენმა წერილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქალაქში არსებობს რეალური მოთხოვნა გაეცნონ მსოფლიო კინოს შედევრებს და თანამედროვე კინო სამყაროში წარმოშობილ უახლოეს ტენდენციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვან  პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება. თქვენმა წერილმა მოგვცა ბიძგი, რომ მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ.  იმედი გვაქვს, თქვენი სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან კინო-კლუბის მუშობაში’’. 
 
ეს წერილი   ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალსტმა ქ-ნმა თამთა თურმანიძემ გადასცა კლუბის წევრებს და დააკავშირა ქუთაისის სხვა სტუდენტებს, რომლებსაც  ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდათ.  თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა ერთობლივ ინიციატივას. სამოქალაქო კლუბის წევრები სტუდენტებთან ერთად უკვე მუშაობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს  კინო კლუბი. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ პირველი კინო ჩვენებები  სულ მალე დაიწყება.