25th Au

ალმაზ ნადიროღლუ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი

ალმაზი სამოქალაქო კლუბის ლიდერი იყო და სხვადასხვა სასკოლო პროექტში მონაწილეობდა. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მან ვიდეო რგოლი საგზაო უსაფრთხოების თემაზე მოამზადა, რომელმაც პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ ვიდეო ადვოკატირების კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო ვიდეოში გადმოცემული პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოგვარდა. შედეგად, სოფელ ნაზარლოში, ცენტრალურ გზაზე ქვეითთა გადასასვლელი დაიხაზა და საგზაო ნიშანი დამონტაჟდა.
,,სასკოლო პერიოდში, სამოქალაქო კლუბში ჩართულობამ ბევრი რამ მასწავლა და როგორც სტუდენტი დღეს, ამ ცოდნას აქტიურად ვიყენებ. სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ვქმნი ვიდეო რგოლებს და ვცდილობ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები შესაბამის უწყებებს მივაწოდო. სამოქალაქო განათლებამ ჩემსავით ბევრი ახალგაზრდის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, გვასწავლა სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა, თანამშრომლობა შესაბამის მხარეებთან და სამოქალაქო აქტიურობა. ჩემი ერთ-ერთი წარმატება, ბავშვთა ფილმების მერვე საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს პეპელა" მიღებული სპეციალური დიპლომია. ჩემს მიერ მომზადებულმა საკონკურსო ფილმმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ფილმში გამოყენებული ვიდეო ადვოკატირების სტრატეგიების შესახებ ცოდნა კი სწორედ პროგრამის ფარგლებში შევიძინე’’- ამბობს ალმაზი.
ალმაზი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრია. აზერბაიჯანულ ენოვანი გაზეთის ,,მასწავლებელი“ რედაქტორის მოადგილეა, რეგიონალური არასამთავრო ორგანიზაციის "აზერბაიჯანელი პედაგოგების კავშირი საქართველოში" ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარეა და ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის ,,ლიდერ მედია News 24.ge ჟურნალისტი.
წარმატებები ალმაზს და ჩვენს მომავალ თაობას!