17th Ja

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების უფლებებს იცავს

2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფისათვის საჭირო საკანონმდებლო საკითხებზე იმსჯელეს. განხილვაში მონაწილეობას იღებდა სულხან ჩარგეიშვილი, თბილისის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის # 42 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც როგორც სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერმა 2011 წელს მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „ხელი-ხელს“. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების უფლებების ადვოკატირებასა და ამ უფლებების დარღვევის შესახებ შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირებას ითვალისწინებდა. სულხანი ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობამ მას მისცა საშუალება, მეტი გაეგო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების პრობლემების შესახებ და საკუთარ თანატოლებთან ერთად დაეწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდების ძალისხმევით აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. მოსწავლეთა პროექტი „ხელი-ხელს“ დაფინანსდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით საკითხის შესწავლისა და პარლამენტში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების მიზნით კომიტეტში  სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა დაინიშნა 2013 წლის თებერვალში, რომელშიც მონაწილეობას, როგორც ჯგუფის წევრი, სულხან ჩარგეიშვილიც მიიღებს, რაც მას საშუალებას მისცემს წარმოაჩინოს ინტერესები, როგორც ინკლუზიური განათლების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის ზოგადად ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.