4th May

სოფელ აწყურის სკოლის მოსწავლეებმა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორ სოფელში სადეზინფექციო ხსნარები დაარიგეს

სოფელ აწყურის სკოლის მოსწავლეებმა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორ სოფელში სადეზინფექციო ხსნარები დაარიგეს.
„აღნიშნული ხსნარი ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება, ის შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა სპირტს, გვირილის ჩაისა და თაფლს, არ აღიზიანებს კანს და არ არის მავნე, როგორც სხვა ქიმიური სადეზინფექციო საშუალებები“ -აღნიშნა მარიამ გახუტიშვილმა, სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ.
კორონავირუსის პანდემიის დროს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სოციალურ დისტანცირებასთან ერთად, ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. სწორედ ამ მოწოდებას გამოეხმაურნენ სოფელ აწყურის სკოლის მოსწავლეები, ისინი დაუკავშირდნენ სოფელ რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობის ხელმძღვანელს და სადეზინფექციო ხსნარი სთხოვეს. მევენახეობის ხელმძღვანელმა მოიწონა მოსწავლეების ინიციატივა და მათ საჩუქრად გადასცა სადეზინფექციო ხსნარები.

მოსწავლეებმა ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებები სოფელ აწყურის და სოფელ ზემო ხოდაშენის სასურსათო, ბოსტნეულის მაღაზიებსა და პურის საცხობებს გადასცეს.