6th Apr

სოფელ აკაურთას მოსწავლეებმა სოფლის ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციაზე იზრუნეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთას აზერბაიჯანული სექტორის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სოფლის ისტორიული ძეგლის - V საუკუნის ეკლესიის, აკაურთის სიონისა და სხვა ისტორიული ძეგლების  პოპულარიზაცია გადაწყვიტეს. 

სოფლის შესასვლელში ამ ისტორიული ძეგლის მიმანიშნებელი საინფორმაციო ბანერი არ დგას. ამიტომ მათ წერილობით მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასაზე სოფლის გადასახვევთან საინფორმაციო ბანერის განთავსების შესახებ. მალე დეპარტამენტისგან დადებითი პასუხი მიიღეს, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-60 კმ-ში ტრასის ორივე მხარეს დაიდგმება „აკაურთის სიონის“ მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, ქ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით.

მოსწავლეებმა აკაურთის სიონის ტაძარი მოინახულეს. სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ახალგაზრდებს ტაძარში არსებული ხატებისა და უძველესი ასომთავრული და ხუცური დამწერლობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცნო.

მცირე გრანტის პროექტი „ტურიზმი ჩემს სოფელში“  განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.