15th Ja

სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელში სპორტული მოედნის აღდგენაზე იზრუნეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ადვოკატირების კამპანია აწარმოეს სოფელში სპორტული მოედნის მოსაწყობად. კამპანიის შედეგად 2020 წლის მაისის ბიუჯეტში სტადიონის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა გამოიყო.  

პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის თვითმმართველობის გაძლიერებას, მოსახლეობის  ცნობიერების გაზრდასა და თვითმმართველობის საქმიანობაში მათ ჩართვას.  

 თავდაპირველად მოსწავლეებმა იმის დასადგენად ჩაატარეს კვლევა, თუ რა იციან თემის წევრებმა თვითმმართველობის შესახებ და რამდენად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში.  ასევე, შეხვდნენ მერს და ადგილობრივი საკრებულოს წევრებს თვითმმართველობის მუშაობის გასაცნობად. 

შემდეგ სკოლაში ესეებისა და ფოტოების  კონკურსი ჩატარდა; კონფერენცია მოეწყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელზეც განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წევრების  თანამშრომლობის გზები, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პოლიტიკურ და სამოქალაქო  ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა; ისაუბრეს, ასევე,  ქალის ნაკლებ ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და, ზოგადად, პოლიტიკურ ასპარეზზე; ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

პროექტის დასასრულს სოფელში მოეწყო მსვლელობა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა თავიანთი შედგენილი საინფორმაციო  ბროშურები გაავრცელეს და მოსახლეობას მეტი აქტიურობისა  და თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ მოუწოდეს.