15th Ja

განახლებული სასკოლო ბიბლიოთეკა საბათლოში

2012 წლის დეკემბერში,  კახეთის რეგიონის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. საბათლოს სკოლას ესტუმრნენ და სკოლის  ბიბლიოთეკისათვის თანატოლებს  წიგნები ჩაუტანეს.  სოფელი საბათლო მდებარეობს  საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე და არის ყველა დასახლებული პუნქტიდან  საკმაოდ მოშორებული. იქ მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უჭირთ ქართული ენის კარგად ათვისება და თანატოლებთან ინტეგრაცია.  სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას  ითვალისწინებდა სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივა- განეახლებინათ სკოლის ბიბლიოთეკა ქართული წიგნებით და დაემყარებინათ მჭიდრო ურთიერთობა საბათლოს სკოლის მოსწავლეებთან.

კახეთის სხვადასხვა  სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა სახის მხატვრული ლიტერატურა და ესტუმრნენ საბათლოს საჯარო სკოლას. მოსწავლეებმა ასევე ჩაიტანეს საკლუბო მუშაობისთვის საჭირო ინვენტარი და სამოქალაქო კლუბის მუშაობის პრეზენტაცია ჩაატარეს.  სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს, როგორ ხდება სკოლაში, თემში პრობლემის გამოვლენა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გზების მოძებნა. შეხვედრის ბოლოს სკოლებს შორის ერთობლივი საქმიანობები დაიგეგმა.

შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.