9th Feb

წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად. პედაგოგების დაჯილდოება ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2017 წლის 13 მაისს მოხდება.

ღონისძიება იმართება  პროგრამა „მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს  წარწერით „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2016”.

2016 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი.

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული ქსელია, ის ასევე ღიაა სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პედაგოგებისათვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის. ფორუმის მთავარი მიზანი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.

დაჯილდოების პროცედურა

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შემოიტანონ შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადის  წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით.  განაცხადის ფორმა მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:

Info@ctf.org.ge

შესაძლებელია განაცხადის ფორმის ასევე რეგიონული ორგანიზაციებისთვის  მიწოდებაც (იხ.: თანდართული ჩამონათვალი).

განაცხადის ფორმა შევსებული უნდა იყოს თანმიმდევრულად, ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. აქვე მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ორი რეკომენდატორი პირი. 

ინფორმაცია ჯილდოზე, განაცხადის ფორმა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების სია, 2017

შეფასების კრიტერიუმები

დაჯილდოებისას ფასდება  მხოლოდ 2016 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, კერძოდ:

      კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა  პროფესიული განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობით;

      პედაგოგის მიერ დამხმარე სახელმძღვანელოების: „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ და „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით; 

      მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა (პროექტული სწავლება).

 

მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ  და გისურვებთ წარმატებებს!