გურიის სამოქალაქო კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია

2012 წლის 1 მარტს, ქ. ოზურგეთში გაიმართა გურიის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების  შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ  სამოქალაქო განათლების პედაგოგები, კლუბების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, PH International-ის და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოსწავლეებმა თავად ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.
 
გურიის რეგიონში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის პარტნიორ 33 სკოლაში უკვე ჩამოყალიბებულია  7 სამოქალაქო კლუბი და 23 საინიციატივო ჯგუფი. 
 
მოსწავლეთა ჩართულობით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, განხორციელებულია 10 ინიციატივა, 10 ვიზიტი საჯარო დაწესებულებებში, 7 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე, მოწვეული ჰყავდათ 35 სტუმარი და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მიღებული იყო  5 გადაწყვეტილება. მათ შორის  აღსანიშნავია:  ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინივიატივით და შესაბამისი სტრუქტურების დახმარებით საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნის დადგმა სკოლის წინ მოსწავლეთა და პედაგოგთა  უსაფრთხო გადაადგილების მიზნით;  ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ სკოლაში შექმნილი რადიო-კვანძი, რომელიც გადმოსცემს მოსწავლეებისათვის საინტერესო ინფორმაციას. მათივე ინიციატივით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიღწეული იყო შეთანხმება, რის საფუძველზეც 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება სკოლის სანიაღვრე არხის მოწესრიგებისათვის საჭირო თანხა, რადგან არხიდან გადმოსული წყალი აზიანებს სპორტულ დარბაზს.
 
რეგიონის მასშტაბით, მოხალისეობრივ საწყისებზე, სამოქალაქო კლუბების და საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული არაერთი აქცია ემსახურებოდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, გარემოს დაცვის საკითხებს, თემის ინფორმირებას და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას.
 
პროგრამის ფარგლებში 11-მა მოსწავლემ გაიარა ტრენინგი სოციალურ მედიაში, რომლებმაც  თავის მხრივ დღეისათვის 70 დაინტერესებული მოსწავლე გადაამზადეს  და ეს პროცესი გრძელდება. მოსწავლეებს უკვე შექმნილი აქვთ 6 აქტიური ბლოგი და ერთერთმა მათგანმა დიმიტრი გობრონიძემ, შექმნილი ბლოგით „ადამიანის ჯანმრთელობა“ გაიმარჯვა  PH International-ის მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში.  
 
პროგრამის ფარგლებში  30-მა პედაგოგმა და 30-მა სკოლის დირექტორმა გაიარა სამოქალაქო განათლების პედაგოგის გადამზადების ტრენინგი. 
 
შეხვედრის ბოლოს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ მოსწავლეთა პროექტებში აქტიურად ჩართულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საჯარო დაწესებულებებში გადამზადებულ მოსწავლეებს. 
 
„გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი“