თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სამოქალაქო კლუბის ღონისძიება

თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სამოქალაქო კლუბმა ”LibClub”-მა  2012 წლის 15 თებერვალს დაარსების ერთი წლისთავი იზეიმა! ამ დღის აღსანიშნავად კლუბის წევრებმა სკოლის ადმინისტრაციის, კლუბის ხელმძღვანელის - სამოქალაქო განათლების პედაგოგის და მშობლების აქტიური ხელშეწყობით სკოლაში საზეიმო  ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიებაზე დასასწრებად საპატიო სტუმრები მოიწვიეს:  ნებრასკოს უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰარნიში, ჰემპტონის კოლეჯის პედაგოგი მერი ლუ ელენა და  ოსტინის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი ტატიანა გაბრიელსონი.  სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვევით იმყოფებიან საქართველოში და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან. ღონისძიებას უცხოელ სტუმრებთან  ერთად ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის  მოადგილე ალექსანდრე სილაგაძე.
სტუმრებმა შეხვედრაზე მოქალაქეობის, ტოლერანტობისა და მოხალისეობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს  და ქართველი მოსწავლეების მოტივაციასა და აქტიურობას გაუსვეს ხაზი. ინფორმაციის გაცვლისა და თანატოლებთან დაახლოების მიზნით მათ მოსწავლეებს შესთავაზეს ჩაეტარებინათ ტელეხიდი თბილისის სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების, ამერიკული აკადემიისა და ჰემპტონის კოლეჯის სტუდენტებს შორის.  

გამომსვლელთა შორის იყო ”LibClub”-ის ლიდერი გიორგი ლომსაძე. მან საკუთარი კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთა და ამ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

”თქვენ საოცარი ბავშვები ხართ,”-თქვა მერი ლუ ელენამ, – ”თქვენ და თქვენი უცხოელი თანატოლები საუკეთესო მოქალაქეები უნდა გაიზარდოთ და გამოასწოროთ ჩვენი, უფროსების მიერ არეული მსოფლიო,”- სიცილით დაასრულა მან. 
თბილისის მოზარდთა სახლი