შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბებთან

2012 წლის 2 თებერვალს, ახალციხის #1 საჯარო სკოლას  ბ-ნი სტივენ ჰეიკინი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი ესტუმრა.
 
სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა სტუმრებს მათი ინიციატივით განხორციელებული პროექტების და აქტივობების  საუკეთესო  შედეგები გააცნეს:  მოსწავლეთა ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ  ბიუჯეტში ახალგაზრდული კომპონენტისთვის  თანხის გამოყოფა და სათემო პრობლემების მოგვარებისთვის  გამიზნული ინიციატივების დაფინანსება გადაწყვიტა, ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში ონლაინ ბიბლიოთეკის საძიებო სისტემა  შეიქმნა, ასევე მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში აღიჭურვა სასწავლო საკლასო ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის. პრეზენტაციები ახალციხის, აწყურის და ურაველის საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა წარმოადგინეს და სტუმრებთან ერთად  კლუბების მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენა დაათვალიერეს.
 
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ  ქ-ნი მარინა უშვერიძე - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი, ქ-ნი თამარ ფრუიძე - პროგრამის მცირე გრანტების მენეჯერი, ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეები და პედაგოგები. 
 
ბ-ნმა  მალხაზ ასპანიძემ, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი  თანამშრომლობისათვის.
 
ბ-ნი სტივენ ჰეიკინი მოსწავლეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიისა და სამოქალაქო პროცესების  შესახებ ესაუბრა.    
 
შეხვედრა ადგილობრივმა მედიამ გააშუქა.