სამოქალაქო განათლების პედაგოგი - დამხმარე სახელმძღვანელოების დანერგვის სემინარს დაესწრო


ნანა ჭანტურია, 106 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი 
უკვე ოთხი წელია სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სკოლაში. ასევე სამოქალაქო კლუბის მუშაობას ვხელმძღვანელობ. კლუბის წევრებთან ერთად სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი „სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაუწევს დახმარებას.  მალე პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას შევუდგებით.
დღეს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების დანერგვისა და გამოყენების სემინარს დავესწარი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩვენს ხელთ არსებული სახელმძღვანელოები მოძველდა  და საჭიროებს განახლებას. ჩემი მოლოდინი,  როგორ დამეხმარება თითოეული დამხმარე სახელმძღვანელო საინტერესო გაკვეთილის ჩატარებაში, გამართლდა. სესიისთვის განკუთვნილ მოკლე დროში ამომწურავი ინფორმაცია მივიღე, უფრო მეტიც, სემინარზე სახელმძღვანელოების გამოყენების მეთოდები შემოგვთავაზეს. ასევე საშუალება გვქონდა ჯგუფებში მომზადებული პრეზენტაციები მოგვესმინა, ეს კი სხვისი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. სემინარზე საგნის სწავლების მეთოდებს გავეცანი, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, ეს კი ძირითადი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება - გავზარდოთ აქტიური მოქალაქე. 
გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები   ქართულ წყაროებზე დაყრდნობით არის შექმნილი. უცხოურთან ერთად უხვად არის გამოყენებული ქართველი ავტორების პუბლიკაციები, საზოგადო მოღვაწეების აზრები, ლიტერატურა, დემოკრატიის ელემენტები, რაც ჩემი აზრით უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის საგნის ათვისების პროცესს.