საქართველოში ახალი სამოქალაქო განათლების პროგრამა იწყება

12-13 აგვისტოს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი სამუშაო კონფერენცია, სადაც გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დაწყება საქართველოში. კონფერენციის დროს,  წარმოდგენილი იყო პროგრამის მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი ღონისძებები. გარდა ამისა პროგრამის გუნდმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე.
კონფერენციის გახსნისას მონაწილეებს მიესალმნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი იოაკიმ პარკერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ქ-ნი ირინა ქურდაძე და PH International–ის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი ენ მარტინი.  

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამა, რომელიც 2010 წლის ივლისში დაიწყო ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International – ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში და გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში.