შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ხაშურის საჯარო სკოლაში

2011 წლის 25 იანვარს, ხაშურის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  ინიციატივით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსში  გამარჯვებული  პროექტის „არა დისკრიმინაციას!“ ფარგლებში, სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე (სულ 30 მონაწილე). 
 
აღნიშნული თემა   აქტუალურია სკოლის მოსწავლეებისთვის.  ბავშვებმა არ იციან თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ხშირია  მათი უფლებების დარღვევის ფაქტები,  როგორც თანატოლების  ასევე უფროსების მხრიდან, რაც  დისკრიმინაციის საწინდარია.

სემინარზე მოწვეულმა იურისტმა,  ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის საკითხები განიხილა და ისაუბრა მათ მოვალეობებზე. შემდეგ  გაიმართა დისკუსია  ბავშვებზე შესაძლო ძალადობის თემაზე. მოსწავლეებმა ძალადობის თავიდან ასაცილებლად   იურისტისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. 

სემინარის დასასრულს  მოეწყო ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, რომელიც საზოგადოება „ბილიკის“ ჟურნალისტიკის სტუდიის მოსწავლეების მიერ არის გადაღებული  და ასახავს  ბავშვის ძირითად უფლებებს. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა  იმსჯელეს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციაზე და  ბავშვთა უფლებების დაცვის გზებსა და საშუალებებზე. 

საზოგადოება „ბილიკი“