ერთი დღე წეროვანის ბავშვთა სახლში

ახალგორის ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი  წეროვანის ბავშვთა სახლში არის  ჩასახლებული. „აგვისტოს ომის დროს ბავშვებმა რთული პერიოდი გაიარეს.  ბავშვები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად არიან ჩართულები და კონტაქტშიც ძნელად შედიან“ განაცხადა ბავშვთა სახლის დირექტორმა ქ-ნმა ოლია მწითურმა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან საუბრის დროს. 
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის და ადიგენის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით წეროვანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად  ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა   „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინა და ბავშვებს  საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა. შეხვედრაზე ბავშვთა სახლის  აღსაზრდელებმა შეიტყვეს, რომ პროგრამაში ჩართვით,  საშუალება ექნებათ ჩამოაყალიბონ სამოქალაქო ან საინიციატივო  ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა იდეებზე და  განახორციელებს აქტივობებს. საინფორმაციო ნაწილის შემდეგ, ადიგენის სკოლის მოსწავლეების მიერ  მომზადებულ საკონცერტო პროგრამაში აქტიურად ჩაერთვნენ წეროვანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც. 
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  ბ-ნმა სიმონ  პარუნაშვილმა  ფინანსური  მხარდაჭერა გაუწია ადიგენის სამოქალაქო კლუბის ინიციატივას. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ახალციხის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი და წეროვანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის   საჩუქრები  შეაგროვა.  აღნიშნული საქველმოქმედო აქცია, ადიგენის რაიონში არსებული ჭულევის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მამა დიმიტრის  ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.  
შეხვედრის ბოლოს,  წეროვანის ბავშვთა სახლის უფროსი კლასის მოსწავლეების პროგრამაში ჩართვა და  სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბება დაიგეგმა. კლუბის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ  საზოგადოებრივ საქმიანობაში. გარდა ამისა, დაიგეგმა გაზაფხულზე,  სამცხე-ჯავახეთში არსებული ისტორიული ძეგლების დათვალიერება, რომელსაც ადიგენისა და ახალციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბები უმასპინძლებს. 
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი