სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო კლუბების მუშაობის საანგარიშო შეხვედრა ჩატარდა

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში,  2011 წლის 22 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, სამცხე-ჯავახეთის  სამოქალაქო კლუბების მუშაობის შუალედური საანგარიშო შეხვედრა ჩატარდა. 


შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ გახსნა და პროგრამაში მონაწილე  სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების საქმიანობასა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების და მოსწავლეების აქტივობებზე ისაუბრა. შემდეგ, სამოქალაქო კლუბის (სულ 12)  მოსწავლეებმა ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაციები  წარმოადგინეს. 


შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები, რომლებსაც პროგრამის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით: დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი - სიმონ პარუნაშვილი, ახალციხისა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების დირექტორები - მარეხი დათიაშვილი და ნინო დემეტრაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი - მალხაზ გიქოშვილი, სამცხე-ჯავახეთის  რწმუნებულის  აპარატის წარმომადგენელი - ირმა ხნკოიანი, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში არსებული შპს „ტაო“-ს დირექტორი - ლევან თუმანიშვილი.


საპატიო სტუმრებს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლიერების სერთიფიკატები გადაეცათ. ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენინგის კურსდამთავრებულებს.


შეხვედრის დასასრულს, მცირე გრანტების პროგრამის მენეჯერმა თამარ  ფრუიძემ,  სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს,  რომლებმაც შეხვედრაზე ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაციები წარმოადგინეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი