საქველმოქმედო აქცია „თქვენ მარტო არ ხართ!”

„თქვენ მარტო არ ხართ!” ამ სლოგანით თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სივიკის” წევრებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს სოციალურად  დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. 19 წლის ჟანა ვახტანგიშვილი და მისი სამი წლის ქალიშვილი  ელენე ერედვიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახია. ჟანა ბავშვთა სახლში გაიზარდა და არავინ ჰყავს დამხმარე, რათა თავი გაართვას უკიდურეს გაჭირვებას.

სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ჟანას და მის გოგონას  და ამ მიზნით მიმართეს 51-ე სკოლის დირექციას, პედაგოგებს და მშობლებს  თანადგომისთვის.  ინფორმაცია საქველმოქმედო აქციის შესახებ კლუბის წევრებმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს და სხვა კლუბების წევრებიც აქტიურად  ჩაერთვნენ აქციის მომზადების პროცესში.

2011 წლის 9 დეკემბერს, ახალგაზრდა ოჯახის დასახმარებლად,  სკოლაში  საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ  სკოლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ბავშვთა სიმღერის ანსამბლი ინგა ბერაძის ხელმძღვანელობით. აქციის მხარდაჭერის მიზნით  მოწვეულნი იყვნენ სატელევიზიო გადაცემა „ეტალონის” ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. 

ჟანას და ელენეს დახმარების მიზნით, კლუბ „სივიკის” წევრებმა სკოლაში შემოწირულობის ყუთი დადგეს. აქციის შედეგად  შეგროვდა 500 ლარი და სხვა საჩუქრები ჟანას და ელენესთვის გადასაცემად.

„თავი სიზმარში მგონია”,- ამბობდა ჟანა, - „არასდროს მიგრძვნია ასეთი სიყვარული და სითბო. ახლა კი მჯერა, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ მე იმედი მაჩუქეთ!”- ცრემლებს ვერ იკავებდა იგი.

 სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება შემოწირულობის ყუთის მეშვეობით  გრძელდება. 

ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი”.
ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი  USAID-ის (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) დაფინანსებით.