სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობა სკოლებში

2011 წლის 15 დეკემბერს, ბათუმში, „პრეს კაფეში,“ „ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ორგანიზებით „მრგვალი მაგიდა“ მოეწყო თემაზე: „სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობა სკოლებში.“შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის პარტნიორი ოცდაერთი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა, დირექტორებმა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო განათლების, როგორც საგნის როლი სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში. პედაგოგებმა ისაუბრეს საგნის სწავლების მნიშვნელობაზე. აღინიშნა თვალსაჩინო წინსვლა, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მათი ინიციატივების რაოდენობის ზრდა. შეხვედრის მონაწილეებმა ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. -„პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენინგებმა დიდი დახმარება გაგვიწია, რათა მოსწავლეთათვის საგნის სწავლება უფრო ეფექტური და საინტერესო გაგვეხადა. ტრენინგებამდე, ჩვენთვის, როგორც პედაგოგებისთვის,  დიდ ძალისხმევას მოითხოვდა საგნის არსში ღრმად ჩაწვდომა და საკითხების მოსწავლეებისთვის საინტერესო სახით მიწოდება.“-განაცხადა ქ–ნმა  თამარ გორგილაძემ, ბათუმის 20–ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა. სკოლის დირექტორებმა მხარდაჭერა გამოთქვეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა და სამოქალაქო კლუბის წევრთა წამოწყებების და ინიციატივების მიმართ.  ქ–მა ნანა დიდმანიძემ, ბათუმის 25–ე საჯარო სკოლის დირექტორმა დასძინა: -„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ერთ–ერთი კომპონენტის „მცირე გრანტების“  ხელშეწყობით მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჩვენი სკოლის მოსწავლეების სამოქალაქო აქტიურობა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა  საგრანტო პროექტი „ტოლერანტობა, ჯანსაღი აზრი,“ რომლის განხორციელებაში ჩართული იყვნენ, როგორც სამოქალაქო კლუბის წევრები, ასევე მათი მშობლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სკოლის დირექცია.  ჩვენთვის სასიხარულო და ნამდვილად საამაყოა, რომ ამ პროექტის პარტნიორები ვართ“. სამოქალაქო კლუბის წევრებმა, რომლებიც ესწრებოდნენ მრგვალ მაგიდას, წარმატებული პროექტების გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.  მარიამ კაკალაძემ,  სკოლა „გორდას“ სამოქალაქო კლუბის წევრმა, დასძინა: „აღნიშნული პროექტის დაწყებამ ძირფესვიანად შეცვალა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნება და მეტი საშუალება მისცა მათ გახდნენ აქტიური მოქალაქეები და დაიცვან სხვათა ინტერესები “. შეხვედრის დასასრულს  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენინგის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი