დებატების ტურნირი ქვემო ქართლში

2011 წლის 17-18 დეკემბერს ქ. რუსთავის #1 საჯარო სკოლაში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის - სიქას-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით  გაიმართა მოსწავლეთა რეგიონული ტურნირი დებატებში. 
 
დებატების ტურნირი არის ინტელექტუალური თამაში, სადაც ოპონენტი გუნდები კამათობენ ერთი დასმული საკითხის ირგვლივ. დებატების ტურნირის მიზანია მონაწილეებს განუვითარდეთ ისეთი უნარები, როგორიცაა: არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების სწრაფად და რაციონალურად მიღება, მოწინააღმდეგის აზრის პატივისცემა, მოსმენის კულტურა, ინფორმაციის კვლევა/ძიება, ლიდერობა, გუნდურობა და ა.შ.
 
დებატების მომზადების პროცესში მოხალისეობრივ საწყისებზე აქტიურად ჩაერთვნენ სიქას ახალგაზრდა პროფესიონალი მოდებატეები. ტურნირში მონაწილეობდა რეგიონის 22 სკოლის 34 გუნდი (სულ 103 მოსწავლე).   10-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მოდებატემ  103 მოსწავლეს ჩაუტარა 7 ტრენინგი კარლ პოპერის ტექნიკით დებატების წარმართვაში.
რეგიონული ტურნირის მოსწავლეებს შორის გაიმართა ცხარე დებატები თემაზე: „საქართველოში სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დამნაშავე ერთნაირად უნდა დაისაჯოს“.  
დებატების ტურნირის ორგანიზებაში „სიქა-ს“ თანადგომა გაუწია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და ქ. რუსთავის 1-ლმა საჯარო სკოლამ. ტურნირი ფართოდ გაშუქდა ქვემო ქართლის სამხარეო ტელევიზიის მიერ.
 
-„ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეების ასეთი დაინტერესება და ჩართულობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვაში. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მიესალმება სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივებს და შევეცდებით ხელი შევუწყოთ მათ ამ ინიციატივების განხორციელებაში“ - განაცხადა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ქ-მა ნინო ბასილაშვილმა.
 
 დებატების რეგიონულ ტურნირს ასევე ესწრებოდნენ „სიქაში“ მომუშავე მოხალისეები საფრანგეთიდან. 
-„საფრანგეთში ჩვენს სკოლებში დებატებს მარტივი ფორმით ვაწარმოებდით, გვქონდა დისკუსიები სხვადასხვა თემებზე. მართალია არ გვესმოდა  მოდებატეთა საუბარი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო  მათ კამათის კულტურაზე დაკვირვება, თუ როგორ ტაქტიანად ცდილობდნენ ისინი საკუთარი პოზიციისა და შეხედულების დაცვას. დარწმუნებული ვარ, მომავალში მათ ძალიან გამოადგებათ დებატების კორექტულად წარმართვის ეს უნარები“ - თქვა ფრანგმა მოხალისემ ანი-კრისტელ რულემ.

ტურნირზე გამოვლინდა შვიდი  საუკეთესო მომხსენებელი  ქვემო ქართლის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“ ჩართული სხვადასხვა სკოლებიდან.  ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ქ. რუსთავის #26-ე და #25-ე სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოდებატეთა გუნდები.
 
გამოვლენილი საუკეთესო მომხსენებლები და გამარჯვებული გუნდების წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და საჩუქრებით.  
 
საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.