თბილისის მოზარდთა სახლის მოსწავლეების ღონისძიება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში, თბილისის რეგიონში არსებული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა,  არა ერთი ღონისძიება და პროექტი განახორციელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  პრობლემების მოსაგვარებლად.   
 
ფონდი ”თბილისის მოზარდთა სახლში”  სამოქალაქო კლუბის წევრები გაეცნენ ორგანიზაცია MAC-ს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  პრობლემებზე მუშობს საქართველოში.  MAC-ის ფსიქოლოგებმა, სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინტერესებზე დაყრდნობით, შეადგინეს სპეციალური კურსი და  კლუბის 25 წევრს ჩაუტარეს საინტერესო და საჭირო ტრენინგი თემაზე  ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა საჭიროებები”. 

ტრენინგის შემდეგ კლუბის წევრებმა მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობას, რათა შეერჩიათ,  რომელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  ბავშვთა ინსტიტუციაში იქნებოდა  საჭირო მათი დახმარება. 

არჩევანი შეჩერდა თბილისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრზე, რომელიც გოცირიძის ქუჩაზე მდებარეობს და მზრუნველობას უწევს 38 ბავშვსა და მოზარდს. ამ ცენტრის ყველა ბენეფიციარი სიღარიბის  ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდანაა.

 ცენტრი ადრე 198 საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ ნაწილს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც  სკოლამ გადაინაცვლა სხვა რაიონში, სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს მოაკლდათ თანატოლებთან ურთიერთობა და საზოგადოებასთან ინტეგრირება.

კლუბების წევრები წინასწარ ეწვივნენ სარეაბილიტაციო ცენტრს და შეიმუშავეს  ურთიერთობის პროგრამა (გამოიყენეს MAC-ის ტრენინგებზე მიღებული ცოდნა) და დაგეგმეს ღონისძიება.
 
ღონისძიების ჩასატარებლად,  სამოქალაქო კლუბის წევრებმა,   პროგრამით  გათვალისწინებული  რესურსების გარდა დამატებითი ფონდების მოსაზიდად ფონდი ”თბილისი მოზარდთა სახლის” ერთ-ერთ ამერიკელ დონორს მიმართეს. ამერიკელმა დონორებმა სპეციალური ხელნაკეთი სარეაბილიტაციო თოჯინები და ღონისძიებისთვის საჭირო მასალების შესაძენად თანხა  გამოუგზავნეს. 

2011 წლის 22 ნოემბერს სარეაბილიტაციო ცენტრში ღონისძიება ჩატარდა სლოგანით ”მე შენ მიყვარხარ”! ეს გახლდათ პირველი ფრაზა, რომელიც ცენტრის ბავშვებმა უთხრეს კლუბის მოსწავლეებს პირველი შეხვედრისას და შემდგომშიც მრავალჯერ გაუმეორეს. 

ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლის“ ინკლუზიური პროგრამის აღსაზრდელებმა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ბავშვებს სახალისო  და შემეცნებითი ვიქტორინები შესთავაზეს, მოაწყვეს მოზარდების მიერ დახატული სურათების გამოფენა. მასპინძელმა ბავშვებმა წარუდგინეს სტუმრებს საკუთარი შემოქმედება - იცეკვეს და იმღერეს! ღონისძიება დასრულდა სურვილების ხის შექმნით,  ერთობლივი ცეკვით, სიმღერითა და საჩუქრების გადაცემით. 

 ამ შეხვედრამ დასაბამი დაუდო კლუბის წევრებისა და ცენტრის ბავშვების მომავალ ხანგრძლივ მეგობრობას.

ღონისძიების მომზადებისა და ცენტრის ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში, სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეიტყვეს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრს არ ჰყავდა ფსიქოლოგი. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მიმართონ   სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებს არებული პრობლემის გადასაწყვეტად, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის მოზარდების სწრაფ რეაბილიტაციას.

ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“