კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება

2011 წლის 14 დეკემბერს, ქ. თელავის #1 საჯარო სკოლას აშშ-ის ელჩის მეუღლე ქ-ნი ჰოლი ჰოლზერ ბასი და ქ-ნი სიუზან კოვლეი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ეწვივნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ადამიანის და ბავშვთა უფლებების თემაზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვებაში.
 
PH-International - ის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით, თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა კონკურსი სამ ნომინაციაში ჩაატარა - საუკეთესო თხზულება, ნახატი და ვიდეო ფილმი. კონკურსში მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონის  პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები. 
 
ღონისძიება ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამის დირექტორმა  გახსნა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სტუმრები გააცნო.
 
ქ-ნმა ჰოლი ჰოლზერ ბასმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
შემდეგ, გამარჯვებულმა მოსწავლეებმა  ნამუშევრები წარმოადგინეს, ხოლო თელავის და ყვარლის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა  საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთეს. 
 
  ქ-ნმა ჰოლი ჰოლზერ ბასმა კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები  საპატიო სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. 
 
აღნიშნული ღონისძიება თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ ბ-ნმა ნუგზარ ხუცაიძემ შეაფასა და სტუმრებს მადლობა მოუხადა მხარდაჭერისთვის. 
 
შეხვედრის ბოლოს დარბაზში მყოფმა მოსწავლეებმა სტუმრებს კითხვები დაუსვეს, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდების საქმიანობას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას  ეხებოდა. დასასრულს მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, თელავის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, რესურსცენტრის, ადგილობრივი ხელისუფლების და მასმედიის წარმომადგენლები.   
 
შეხვედრა  ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა გააშუქეს.