ქუთაისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს

ქუთაისის 21–ე, მე–17 და 32–ე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა, იმერეთის რეგიონის როხის (ვანის რ–ნი), ოფჩის და წითელი ხევის (ბაღდათის რ–ნი) მცხოვრებლებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. 
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის და სამოქალაქო კლუბის წევრების ერთობლივი მონაწილეობით, დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია, კერძოდ, ტრეფიკინგის თემაზე ტრენინგებისა და საინფორმაციო აქტივობების ჩატარება. 
თავდაპირველად, მოსწავლეები ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის საშუალებით დაუკავშირდნენ არსამთავრობო ორგანიზაციას ,,ქალები მომავლისათვის'', რომლის წარმომადგენელმა თამარ სანიკიძემ ჩაუტარა მათ  ერთ დღიანი ინტენსიური ტრენინგი თემაზე: ,, ტრეფიკინგის არსი და მისი მასშტაბები'' და აგრეთვე გააცნო მათ ,,ვოლდ ვიჟენ საქართველოს“ მცირე საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები.  მოსწავლეებს, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში უკვე გავლილი ჰქონდათ პროექტის დიზაინის და მართვის საკითხებზე ორგანიზებული ტრენინგები. საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად მათ მოამზადეს და წარადგინეს კონკრეტული საპროექტო ინიციატივები მცირე საგრანტო კონკურსში. დაფინანსებული პროექტების მეშვეობით სამოქალაქო კლუბების წევრებმა ტრეფიკინგის თემაზე ჩაატარეს ტრენინგები იმერეთის რეგიონის 3 სოფლის (როხი, წითელი ხევი, ოფჩა) საჯარო სკოლებში. ტრენინგებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. მოსწავლეებმა მოიკვლიეს სტატისტიკური ინფორმაცია აღნიშნული სოფლებიდან საზღვარგარეთ მიგრირებული ადამიანების შესახებ. არალეგალური მიგრაციის და ტრეფიკინგის რისკების შესახებ მოამზადეს ბროშურები, ბუკლეტები და ფლაიერები, რომელიც დაურიგეს სამიზნე თემის წევრებს. მოაწყვეს დისკუსიები ტრეფიკინგის თემაზე. ორგანიზება გაუკეთდა ხატვის კონკურს და სპორტულ შეჯიბრს, როგორც სწავლების და ინფორმირების  ალტერნატიულ ფორმას. 
 
თემის  ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ მათ ძალიან ცოტა რამ იცოდნენ ტრეფიკინგის შესახებ, ამ შეხვედრების შემდეგ კი მათი ცოდნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.