გორის სამოქალაქო კლუბის წევრების ღონისძიება ხურვალეთის საჯარო სკოლაში

2011 წლის 11 ოქტომბერს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში, გორის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, ხურვალეთის საჯარო სკოლაში   ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა. მასში სოფელ ხურვალეთში და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოზარდები და საზოგადოება „ბილიკის“ სამოქალაქო კლუბის  წევრები მონაწილეობდნენ (სულ 26 ბავშვი). ჟიურიმ გამარჯვებული მოსწავლეები მეხსიერების ბარათებით დააჯილდოვა, დანარჩენ გუნდის წევრებს კი  სამახსოვრო პრიზები გადასცა.  
 
აღნიშნული ღონისძიება  მიზნად ისახავდა ადგილობრივი, დევნილი  და ოსი ეროვნების მოზარდების  დაახლოებას, დამეგობრებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
ვიქტორინის დასრულების შემდეგ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც სკოლის დირექტორი, მოადგილე და მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს  არსებული პრობლემები  და საჭიროებები. აღინიშნა, რომ სკოლაში არ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, არა აქვთ კომპიუტერები, სპორტული დარბაზი და მოედანი. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, პერსპექტივებზე და პროგრამის ფარგლებში მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობებზე. მოსწავლეებმა  სურვილი გამოთქვეს  მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში, ტრენინგებში, გაიღრმავონ ცოდნა და აგრეთვე იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
 
საზოგადოება „ბილიკის“ჟურნალისტიკის კლუბის წევრები გაეცნენ რა ხურვალეთის სკოლის პრობლემებს, გაესაუბრნენ დირექტორს და პედაგოგებს,  ხურვალეთის სკოლის მოსწავლეებთან ერთად (სულ17 მოზარდი),  დაწერეს სცენარი და გადაიღეს სამი  მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფილმების თემატიკა ბავშვების თვალით დანახულ  - სკოლაში, სოფელში და  დევნილთა  ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებს ეხება. ფილმების გადაღება შესაძლებელი გახდა USAID/EWMI G-PAC პროექტის „დავეხმაროთ ერთმანეთს“ ფინანსური მხარდაჭერით. 
 
უახლოეს პერიოდში იგეგმება ფილმების ჩვენება, სადაც მოწვეულნი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ სკოლის, სოფლის და დევნილთა პრობლემების მოგვარება. შემდეგ ფილმები საჩუქრად გადაეცემა სკოლას.