სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო კლუბების კონფერენცია ჩატარდა

2011 წლის ოქტომბერში, სამცხე-ჯავახეთში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი თემაზე: “როგორ ჩამოვაყალიბოთ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება”. შედეგად, რეგიონის სკოლებიდან განსახილველად შემოვიდა 200-მდე საკონკურსო თემა. აღნიშნული თემების განხილვა მოეწყო 2011 წლის 27 ოქტომბერს ქ. ბორჯომში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზირებულ კონფერენციაზე. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი,       სამცხე-ჯავახეთის პროგრამაში მონაწილე საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები  და ბორჯომის  რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალციხის სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული წარმატებული ღონისძიებებისა და  პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთობლივი ღონისძიებებისა და აქციების დაგეგმვას და საკონფერენციო თემების განხილვას.

განხორციელებული  პროექტების  პრეზენტაციების დროს  გამოიკვეთა თემის სხვადასხვა მხარეების ერთობლივი მონაწილეობის და  მათი მხარდაჭერის აუცილებლობა თემში არსებული პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან აქტიური თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების  განსახორციელებლად  შეხვედრა დაგეგმა. 

კონფერენციაზე, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა,   აქტიური მონაწილე სამოქალაქო კლუბის წევრები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

კონფერენციის მსვლელობა ადგილობრივი მასმედიის საშუალებებით გაშუქდა.