სამოქალაქო კლუბის წევრებმა კაზრეთში დასვენების პარკი დაასუფთავეს

2011 წლის 6 ოქტომბერს, ბოლნისის რაიონის, დაბა კაზრეთის  # 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „საფიხვნოს“ წევრებმა კაზრეთის პარკის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება გადაწყვიტეს. აღნიშნული პარკი ყოველთვის იყო კაზრეთის მაცხოვრებლების საყვარელი დასასვენებელი ადგილი, მაგრამ ბოლო ხანებში დაკარგა თავისი ფუნქცია, რადგან ძალზედ დაბინძურებული იყო და არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინიციატივით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და მათი მხარდაჭერით აქციისათვის საჭირო ინვენტარი შეიძინეს; ასევე შესძლეს თემის წევრების მობილიზება და არსებული პრობლემის მოგვარება. დასუფთავების აქციაში ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ  #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა. 
შედეგით ყველა კმაყოფილა დარჩა. პარკმა პირვანდელი სახე დაიბრუნა და ახლა კაზრეთის 1000 –ზე მეტ მოსახლეს ექნება პარკში დასვენების საშუალება.  გარდა ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  გამოთქვა მზაობა მომავალში გააგრძელოს პარკის მოვლა-პატრონობა.