სამოქალაქო კლუბის წევრები ქაღალდის არაეკონომიური ხარჯვის წინააღმდეგ

ზუგდიდის რაიონის სამოქალაქო კლუბების წევრებმა გარემოს დაცვისა და რესურსების სწორი  ხარჯვის მიზნით  საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს,  სლოგანით „გადავარჩინოთ ხეები“. კამპანიას წინ უძღვოდა  კლუბების წევრების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებში  ქაღალდის ხარჯვის საკითხების შესწავლა. მათ დაადგინეს, რომ ზუგდიდში შესაძლებელია გამოყენებული  ქაღალდის ხელახალი გადამუშავება. სწორედ ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას და ამ გზით გარემოს დაცვას  ემსახურებოდა ზემოთ აღნიშნული კამპანია. მოსწავლეები შეხვდნენ და ესაუბრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, კომპანიების, სკოლების და ბანკების წარმომადგენლებს.
 
შეხვედრების შედეგად, თიბისი, პროკრედიტი, პრივატ ბანკები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში. ისინი სისტემატურად აგროვებენ გამოყენებულ ქაღალდს და აგზავნიან ქაღალდის გადასამუშავებელ საწარმოში. ხოლო მოსწავლეები, პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ და მომავალში კიდევ უფრო მეტი ორგანიზაციების ჩართვას აპირებენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში.