სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მმართველი კომიტეტის მორიგი შეხვედრა

2011 წლის 27-28 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მმართველი კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე დამტკიცდა ფორუმის ღონისძიებათა ექვსთვიანი გეგმა და განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები.
2012 წლის თებერვლის ბოლოს ჩატარდება ფორუმის პირველი ფართო მასშტაბიანი ეროვნული გამოფენა-კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის წევრი პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. გამოფენა ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და  პედაგოგთათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. კონფერენციაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყება დეკემბრის დასაწყისში. ამ დროს გამოქვეყნდება კონფერენციის სამუშაო პროგრამაც.

დეკემბრის თვიდან ამოქმედდება ფორუმის სადისკუსიო გვერდი სამოქალაქო ინიციატივების ვებგვერდზე (www.facebook.com.civicinitiatives ).  ამ ეტაპზე დაგეგმილია სამი თემატური დისკუსიის წარმართვა 2012 წლის მარტის თვის ბოლომდე. თუმცა არსებული გვერდი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს და ფორუმის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია. ფორუმის დისკუსიების შესახებ იხილეთ ფორუმის განახლებული კალენდარი ვებ გვერდზე www.civics.ge .
ასევე გადაწყდა, რომ ფორუმს ეყოლება რეგიონალური კოორდინატორები. მათი პასუხისმგებლობა იქნება ფორუმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. კოორდინატორები ასევე გაუწევენ ორგანიზებას თითოეულ რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ შეხვედრას.

ამ მიზნით ფორუმის კომიტეტის მიერ უკვე შეირჩა რეგიონალური კოორდინატორები რიგ რეგიონებში. კოორდინატორების სია განთავსებულია ფორუმის ვებგვერდზე. ეტაპობრივად მოხდება კოორდინატორების ყველა რეგიონში შერჩევა.

ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგთა წლიური ჯილდოს გადაცემა. წლის პედაგოგები გამოვლინდებიან ცალკეულ რეგიონებში. 2011 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოვლენის კონკურსი გაიხსნება დეკემბრის დასაწყისში. დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შემოიტანონ განაცხადი. შერჩევას აწარმოებს დამოუკიდებელი ექსპერტული ჟიური. დაჯილდოებული პედაგოგები საზეიმოდ დასახელდებიან ეროვნული კონფერენციის დროს.