სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა წლის საქმიანობა შეაჯამეს

2011 წლის 24 ივნისს ქ. ქუთაისში, 28 ივნისს ქ. ბათუმში და 29 ივნისს ქ. თბილისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაარსებულმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა წლის განმავლობაში ACETT პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა განიხილეს მათ მიერ  განხორციელებული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა თემის საჭიროებების კვლევას და მათი გადაჭრის გზების ძიებას რეგიონალურ დონეზე. მოსწავლეებმა  ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებულ მასშტაბურ კამპანიებზე, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და გარემოს დაცვას შეეხებოდა. მოსწავლეების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის ინიციატივები ეხებოდა ბავშვის უფლებებსა და მოვალეობებს, სკოლის როლის გააქტიურებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოებაში მოხალისეობრივი პრინციპების დამკვიდრებას და მშობელთა ჩართვას მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივებში. სამოქალაქო კლუბების წევრებმა აღნიშნეს, რომ კლუბში მუშაობამ მათ შესძინა  ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც უკავშირდება არჩევნების ჩატარებას, კლუბის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, წესდების შექმნას და ფუნქციების დელეგირებას წევრებს შორის.