ვიდეორგოლების გამოფენა ბათუმში

2012 წლის 14 მაისს, ბათუმში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების მიერ ადვოკატირების მიზნით ვიდეორგოლების გამოფენა მოეწყო. 
 
სამოქალაქო კლუბებმა   გზავნილების   სახით  მოამზადეს  სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული პრობლემების ამსახველი ვიდეორგოლები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  საზოგადოებაში ინტეგრირების შემაფერხებელი ფაქტორები, ლოკალური ეკოლოგიური პრობლემები, მოზარდებში თამბაქოს მოხმარება, უსაფრთხო მგზავრობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ეს ის თემატიკებია რომელზეც განსაკუთრებით იქნა აქცენტი გაკეთებული ვიდეორგოლებში. 
 
 „ჩვენი კლუბის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი შეეხებოდა მოზარდებში თამბაქოს მოხმარებას, ფილმის გადაღებამდე ჩვენი სკოლის უფროსკლასელებთან მცირე კვლევა ჩავატარეთ გამოკითხვის სახით,   თამბაქოს მოხმარებასა და მოხმარების სიხშირეზე. ფილმში ვაჩვენეთ რამოდენიმე კადრი სადაც თავისუფლად ხდება არასრულწლოვანზე თამბაქოს მიყიდვა. ვთვლით, რომ ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას არა მარტო ჩვენს სკოლაში არამედ ზოგადად ქართველ მოზარდებში. ფილმში ინტერვიუს სახით ჩავწერეთ ჩვენი სკოლის მანდატური, რომელმაც ასევე დაგვიდასტურა პრობლემის უფრო ფართო მასშტაბები. ჩვენს კლუბს დიდი სურვილი აქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და თავისი წვლილი შეიტანოს  მოზარდებში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლაში.  “–ნოდარ მიქელაძე ქ. ბათუმის #28 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.
 
ღონისძიებას ესწრებოდა ქ. ბათუმის თვითმმართველი საკრებულოს დეპუტატი ქ–ნი მანანა ილურიძე, რომელმაც დადებითად შეაფასა სამოქალაქო კლუბების ასეთი მონდომება და აქტივობა „დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი სწორედ ასეთი ახალგაზრდების მხრებზეა, ახალგაზრდების  რომლებიც ხედავენ მათ თემში, საზოგადოებაში ქალაქში არსებულ პრობლემებს და აჩვენებენ ამ პრობლემებს უფროსებს, მშობლებს და პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელ პირებს“,- დასძინა ქალბატონმა მანანამ.
 
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი ქ–ნი ნინო ტავლალაშვილი, რომელმაც ვიდეორგოლის ავტორებს პროფესიული რჩევები მისცა. 
 
 ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი