საქველმოქმედო აქცია ქუთაისში

2012 წლის 2  მაისს,  ქუთაისობის აღნიშვნის დღეს, სამოქალაქო კლუბის და საინიციატივო ჯგუფის 40-მდე წევრმა, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში   აქცია გამართა. აქციაში მონაწილე მოსწავლეებმა ხალხმრავალ ადგილებში  ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. სამოქალაქო კლუბის წევრები თანხას საქველმოქმედო ყუთის მეშვეობითაც  აგროვებდნენ. გოგონათა ჯგუფმა ტელეკომპანია „რიონის“ დილის გადაცემაში ისაუბრეს ღონისძიების მიზანზე და მოუწოდეს თანაქალაქელებს  შეერთებოდნენ საქველმოქმედო აქციას. 


 „2 მაისს ქალაქის დღის აღნიშვნას საფუძველი საუკუნის წინ „გვირილობის“ დღესასწაულმა ჩაუყარა. XX საუკუნის დასაწყისში, ამ დღეს გიმნაზიელი გოგონები, ბულვარში სეირნობის დროს გვირილებს ყიდდნენ. მათი მყიდველი, რომელსაც შეძენილ გვირილას გოგონები მკერდზე უმაგრებდნენ, ავტომატურად საქველმოქმედო აქციის მონაწილე ხდებოდა, რადგან აღებული შემოწირულობა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების მკურნალობას ხმარდებოდა. ამ ტრადიციას საფუძველი სილამაზის დედოფლად აღიარებულმა, ვექილ ჩიქოვანის მეუღლემ - საშა ჩიქოვანმა ჩაუყარა. სწორედ ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების საკითხში“ – სთქვა აქციის ორგანიზატორმა, ქ. ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმ ლევან ნიკოლაძემ.


აქციის შედეგად მოსწავლეებმა 750 ლარი შეაგროვეს.  მოსწავლეთა გადაწყვეტილებით შეგროვილი თანხა ქ. ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში რადიო კვანძის მონტაჟს და სოცილურად დაუცველი მოსწავლეების დახმარებას მოხმარდება.

წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი