გაიცანით ჩვენი პარტნიორი - ჯეოლაბი

ჯეოლაბი არის მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელსაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. სწორედ ჯეოლაბის დახმარებით გახდება შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.

ჯეოლაბის დირექტორი, ლანა ლაბაძე მიიჩნევს, რომ მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე უნდა შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები: „თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის ნაკადი მუდმივად იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე იცოდნენ ინფორმაციის ანალიზი; შეძლონ პირადი ინფორმაციის, სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი და თავად შეძლონ ელექტრონული რესურსების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და უფროსებს ციფრულ სამყაროში ნავიგაციაში ან პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.“

ღეს ჯეოლაბთან ერთად ვიწყებთ საზაფხულო ონლაინსკოლას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სამოქალაქო განათლების საკითხებსა და ახალი ტექნოლოგიების საწყისებს გაეცნობიან. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა სამოქალაქო განათლების ვებპორტალზე, სადაც განთავსდება კურსები ვებდიზანის, მობილური აპლიკაციებისა და თამაშების დეველოპმენტის მიმართულებით. ასევე, შეიქმნება პარაქტიკული კურსი - პროექტების ლაბორატორია და ჩატარდება ჰაკათონები. რაც შეეხება სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, მათთვის ჯეოლაბი გეგმავს სპეციალურ ტრენინგებს, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.

„ველით, რომ აღმოვაჩენთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, რეგიონებში მაცხოვრებლებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო პროექტებს განახორციელებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით შეცვალონ საკუთარი და რეგიონის ცხოვრება უკეთესობისკენ, შემდეგ კი ისინი სხვებს დაეხმარებიან იგივეს გაკეთბაში, მიღებული ცოდნის გაზიარებით“ - ამბობს ლანა ლაბაძე.