გაიცანით ჩვენი პარტნიორი - სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი

ფორუმი არაოფიციალურად 2011 წელს, USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, 2013 წელს კი ოფიციალურად დარეგისტრირდა და გახდა PH International-ის აქტიური პარტნიორი. როგორც მისი დირექტორი, მაკა ბიბილეიშვილი გვიყვება, ფორუმის შესაძლებლობების ზრდასა და სერვისების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის PH International-ს: „სწორედ ამ მხარდაჭერის გამო, დღეს ფორუმი დამოუკიდებელი და ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესიული ასოციაციაა საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ქსელით."
როგორც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი, ფორუმი:
-დაეხმარება სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას;
-შექმნის რესურსებს სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისათვის;
-მხარს დაუჭერს მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას;
-მოახდენს ისეთი თემების ადვოკატირებას, როგორებიცაა საგნის განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეთა პორტფოლიოების შემუშავება და მათი გათვალისწინება უმაღლეს სასწავლებლებში სწვალის გაგრძელების პროცესში;

ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში, ფორუმმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამების მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა. „ძნელია, გამოარჩიო ერთ-ერთი ამ მრავალთაგან, თუმცა, თუ მასწავლებლების ემოციებს, განწყობასა და მასშტაბებს გავითვალისწინებთ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიური კონფერენცია და წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ღონისძიება ყველა ჩვენი პროექტის მონაწილისა და ორგანიზაციის წევრისთვის დღესასწაულია. აღსანიშნავია, რომ სწორედ PH International-მა შექმნა სამოქალაქო განათლების მასწავლებლების წახალისების პრეცედენტი.“ - ამბობს ფორუმის დირექტორი.

მაკა ბიბილეიშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამის შედეგად სკოლები გახდებიან უფრო დემოკრატიულები, პედაგოგები კი უკეთ შეუწყობენ ხელს აქტიური მოქალაქეების აღზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.