სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა ფორუმი

2012 წლის 5 მაისს   ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. სულ 125 პირი.
 
ფორუმზე მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ,  მოახდინეს არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და განსაზღვრეს  მათი მოგვარების გზები,  წამოაყენეს თავიანთი წინადადებები,  გაუზიარეს ერთმანეთს იდეები.
 
მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები: თვითმმართველობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან,  ბიზნეს, კერძო სექტორთან და მედიასთან   თანამშრომლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, გარემოს დაცვია,   მოხალისეობის განვითარება.
 
ფორუმზე გამოვლენილ პრობლემებზე მუშაობის შედეგად მოხდა საპროექტო წინადადებების შემუშავება, რომელთა განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები.  გაიწერა  პროექტების განხორცილების გეგმები და ვადები. 
 
,,ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა, ფორუმი კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ მონაწილეებს საერთო პრობლემები გაგვეანალიზებინა, ადგილზე გვემუშავა საპროექტო წინადადებების მომზადების თვალსაზრისით, რომელსაც სამომავლოდ ერთობლივად განვახორციელებთ. ეს დამატებით ხელს შეუწყობს სხვადასხვა სკოლების დაახლოებას და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას“ - სთქვა ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბის წევრმა  მურმან ალავიძემ.
 
ფორუმის დასასრულს სოციალური მედიის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს დავით ჟორჟოლიანს და ბესიკ ექსეულიძეს   სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები  გადაეცათ.

წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი