მოსწავლეების ინიციატივით სოფელ საღოლაშენში ახალი ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა.

სოფელ საღოლაშენის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა საკლუბო პროექტის ფარგლებში სათემო საჭიროებები დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძველი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება და ახალგაზრდების შეხვედრებისთვის სივრცის მოწყობა პრიორიტეტული საკითხებია.  

მიზნის მისაღწევად მოსწავლეებმა თავდაპირველად მოსახლეობისგან ხელმოწერები შეაგროვეს, მოამზადეს წერილი და ადგილობრივ თვითმმართველობას სოფელში არსებული ძველი, მიტოვებული შენობის რეაბილიტაციის საკითხით მიმართეს. ამ შენობაში მოსწავლეები სოფლის ახალი ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული ცენტრის მოწყობას გეგმავენ.

ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული ცენტრის მოწყობის საკითხზე ადვოკატირება წარმატებით დასრულდა.  სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოსახლეობასთან ერთად  ძველი წიგნები დაახარისხეს და ახალ შენობაში გადაიტანეს. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით, მათ პარალელურად წიგნის შეგროვების აქცია წამოიწყეს. სულ მალე სოფლის მოსახლეობა განახლებული ბიბლიოთეკით ისარგებლებს და ამავე სივრცეში ახალგაზრდების მიერ დაგეგმილ საინტერესო, შემეცნებით ღონისძიებებში ჩაერთვება.