გოგონები სტერეოტიპებს ამსხვრევენ

გაიცანით 20 წლის შორენა დონაძე. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. შორენა ოჯახში დამატებითი შემოსავლის გამომუშავების მიზნით საკურიერო მომსახურების ბიზნესში ჩაერთო.
სტერეოტიპული შეხედულებების გამო კურიერულ სამსახურში ბიჭები ჭარბობენ. შორენა ერთ-ერთია იმ მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობის გოგონათაგან, რომლებიც არღვევენ ამ სტერეოტიპებს.
პანდემიით გამოწვეულმა ონლაინ სწავლებამ და შედარებით უფრო თავისუფალმა გრაფიკმა შორენას შესაძლებლობა მისცა დასაქმებულიყო საკურიერო მომსახურებაში. მან ასევე გადაწყვიტა დახმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და შექმნა Facebook ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდებს.
უნივერსიტეტამდე შორენა აქტიურად იყო ჩართული USAID-ის პროგრამაში “მომავლის თაობა”, რომელიც მთელს საქართველოში ხელს უწყობს სამოქალაქო განათლებას. შორენა ქ. თბილისის #177 სასკოლო სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი იყო. მან მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიურ კონკურსში და მუშაობდა ახლოს მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან.
„ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლება ყველა მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესია. სასკოლო პროექტებში მონაწილეობა დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სიღრმისეულად მეფიქრა და შემესწავლა ისეთი საკითხები, როგორიცაა პროფესიის არჩევა, ქალთა უფლებები, თანასწორუფლებიანობა და სამოქალაქო აქტიურობა. მიმაჩნია რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ გამხადა უფრო თამამი და დამოუკიდებელი ადამიანი“ - ამბობს შორენა.
სამოქალაქო აქტიურობას შორენა დღესაც აგრძელებს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და სხვადასხვა სტუდენტური კლუბების წევრია, სადაც თანატოლების სხვადასხვა კუთხით განვითარებაზე ზრუნავს.
შორენას წინ დიდი გეგმები აქვს. სწავლის დასრულების შემდეგ ის აპირებს ახალი ბიზნესის დაწყებას და შეუერთდება საქართველოს ქალ მეწარმეთა მზარდ რიგებს.