გამწვანების აქცია რუსთავში

2012 წლის 22 აპრილს, ქ. რუსთავის #26 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა გამწვანების აქცია - ნერგების დარგვა ქ. რუსთავის ბავშვთა რკინიგზის და  #26 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.


აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ არსებული ტყის გაჩეხვის შედეგად გაჩნდა ჭაობი,  მომრავლდნენ კოღოები. პროექტის  ფარგლებში დაირგო 100 ევკალიპტის ხე. ევკალიპტის ნერგები შეძენილი იქნა საგრანტო პროექტის სახსრებით.


სასკოლო სამოქალაქო კლუბის და სკოლის თვითმმართველობის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო ლიფლეტები, რომლითაც მოსახლეობას, თემის წევრებს, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს პროექტი და მოუწოდეს მონაწილეობა მიეღოთ აქციაში.


პროექტის ფარგლებში შედგა თანამშრომლობა #26 სკოლასა და ქ. რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას შორის . ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროექტ „ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში“ მონაწილეობა მიიღო - პროექტის მონაწილეებს 10 ადამიანი დაეხმარა და  მათთვის საჭირო სამუშაო იარაღი გამოეყო . მათ  ხეების დასარგავად წინასწარ მოამზადეს ორმოები და დაეხმარნენ  აქციის მონაწილეებს  ნერგების დარგვაში. ევკალიპტის ხეების შემდგომ მოვლაზე პასუხისმგებლობა   ქალაქის თვითმმართველობამ აიღო.