აჭარაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ონლაინ კონფერენცია

აჭარაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ონლაინ კონფერენცია „სამოქალაქო განათლების პედაგოგის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში“.
კონფერენციაზე პროგრამის „მომავლის თაობა“ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების როლზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში და მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგებზე.
 „სამოქალაქო განათლების სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის, რადგან აქ საზოგადოებაში სხვადასხვა სტერეოტიპია გავრცელებული, რომლის დამსხვრევაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შეძენილი უნარები გვეხმარება“ - აღნიშნა ხატია აბულაძემ, ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლემ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა და მარინა უშვერიძემ, პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა.
სულ კონფერენციას 39 მონაწილე ესწრებოდა.