გორში დედამიწის დღე აღინიშნა

2012 წლის 22 აპრილს გორის # 3 და #7   სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით,   ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გორის კეთილმოწყობის სამსახურთან შეთანხმებით და მათი მხარდაჭერით,  გორის თეატრის  და მე-3 და მე-7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა  დასუფთავების აქცია.  დასუფთავდა გოგებაშვილის სკვერი,  რის შემდეგაც მონაწილეებმა დარგეს ბზის ბუჩქები და ყვავილები, რომლებიც გამწვანების სამსახურმა გამოუყო მათ.   მოსწავლეებმა  მწვანე ლენტებითა და ბუშტებით შემოიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სამოქალაქო კლუბების მიერ  მომზადებული ბუკლეტები დაარიგეს, ხოლო პლაკატებით   ბავშვები მოუწოდებდნენ ხალხს:  „გავუფრთხილდეთ დედამიწას.  ნუ დავანაგვიანებთ გარემოს, დედამიწა ჩვენი სახლია“.  აქციაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოსწავლემ და  პედაგოგმა.


მსგავსი ინიციატივა განახორციელა გორის მე-12 საჯ. სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ერთობამ“.   დედამიწის  საერთაშორისო დღის  აღსანიშნავად კლუბის წევრების  ინიციატივით სკოლის ეზოში მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლის 40 -მდე მოსწავლემ. მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები შექმნეს. კონკურსის დასრულების შემდეგ ბავშვებს გადაეცათ სიგელები. პარალელურად, ამ დღის  აღსანიშნავად, მოეწყო მსვლელობა გორის ცენტრალურ ქუჩებში, რომლის დროსაც მოსახლეობას დაურიგდა კლუბის წევრების ხელით მომზადებული 300 ცალი საინფორმაციო ბუკლეტი - „22 აპრილი დედამიწის დღეა“, „ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას“.

საზოგადოება ”ბილიკი”