რუსთავის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული ინიციატივა

რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  „ინდიგო“ წევრმა მოსწავლეებმა ქუჩაში მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებაზე იზრუნეს და წარმატებით აწარმოეს  ადვოკატირების პროცესი. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.

რუსთაველის ქუჩაზე ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს და მოქალაქეებს, მათ შორის რუსთავის #3 საჯარო სკოლისკენ მიმავალ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ამ ქუჩის გადაკვეთა უწევთ. მაგრამ ეს სულაც არ გახლდათ უსაფრთხო, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე არც შუქნიშანი იყო და არც ზებრა გადასასვლელი.

ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუსთავის მოქალაქეები გამოკითხეს, რომელთაც ეს სახიფათო გადასასვლელი მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელეს.

ამის შემდეგ (4 სექტემბერს) სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუსთავის მერიას წერილობით მიმართეს ზებრა გადასასვლელის გაკეთების თხოვნით. ქალაქის თვითმმართველობამ მოსწავლეთა ინიციატივა მოიწონა  და უკვე 14 სექტემბერს აღნიშნულ გზაჯვარედინზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.

ამ წარმატებითა და მიღწეული შედეგით გახარებული და მოტივირებული სამოქალაქო კლუბი „ინდიგო“ საზოგადოების საკეთილდღეო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.