„ქალების ხმა“

ქალების ხმა“ - ასე უწოდეს შიდა ქართლის მოსწავლეებმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსს. მანამდე კი გამოკითხვა ჩაატარეს და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით თემის წევრების დამოკიდებულება შეისწავლეს.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მათ შემდეგ ესეები, ნახატები, ვიდეოები და პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებშიც გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის საკითხები წარმოაჩინეს. ასევე, მოამზადეს პოსტერები, რომლებიც ძალადობის სხვადასხვა მაგალითებს ასახავდნენ. პოსტერებზე განათავსეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ძალადობას და რა რეაგირება მოახდინონ მასზე.

ამით მოსწავლეები შეეცადნენ ქალის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოეკვეთათ და გენდერული თანასწორობისათვის ხელი შეეწყოთ.

მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ შეარჩია, მათი ავტორები კი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.