მოსწავლეები რადიო „ათინათის“ გადაცემაში - „მომავლის თაობა“- მონაწილეობენ

სამეგრელოს რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები რადიო „ათინათის“ ახალ გადაცემაში - „მომავლის თაობა“- მონაწილეობენ, რომელიც სამოქალაქო განათლების სწავლებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, ასევე, მათთვის საინტერესო სხვა აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

იგი ყოველ ხუთშაბათს გადის და ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასული გადაცემების თემა პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების გამოწვევები და ძალადობის პრევენცია იყო. გადაცემებში მონაწილეობა მიიღეს სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ფსიქოლოგმა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა. გადაცემის მსვლელობის დროს რადიო მსმენელს  საშუალება აქვს, სატელეფონო ჩართვის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში.  

რადიო გადაცემებში ახალგაზრდების ჩართულობის ასამაღლებლად, გადაცემის გასვლამდე ერთი კვირით ადრე, მოსწავლეები კონკრეტული თემის შესახებ ამზადებენ კითხვარს, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოკითხვაში მონაწილეობა. კვლევის შედეგები შემდეგ, გადაცემის მიმდინარეობის პროცესში ჯამდება და ეცნობება მსმენელს.

მომავალი, 16 ივლისს დაგეგმილი გადაცემის სტუმრები სოფელ ობუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იქნებიან. გადაცემის მონაწილეები თემისა და სკოლის პრობლემების მოგვარების პროცესში თვითმმართველობასთან ახალგაზრდების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრებენ; ასევე, მსმენელს წარმატებული თანამშრომლობის გზით მიღწეულ სასიკეთო შედეგებს გააცნობენ.